მეტწილად სიმართლე

2014 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით რეალური მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) საშუალო ზრდა 5.9%-ია, რაც მიმდინარე წლის პროგნოზის მიხედვით ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მიღწევის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა. რაც შეეხება მომდევნო - 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით (პირველი წარდგენა) რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ 5% უნდა იყოს (2016-2018 წლებში კი 5.5%), რაც ექსპერტთა და დეპუტატთა გარკვეული ნაწილის აზრით დაბალი მაჩვენებელია.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან მრავალი მოსაზრება გამოითქვა; ჩვენ კი ამ მოსაზრებათაგან განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის ტემპის თემას გვინდა შევეხოთ. ექსპერტთა და დეპუტატთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა (დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე), ეკონომიკის 5%-იანი ზრდა საკმარისი არ არის და ასეთი ზრდის ტემპით ის საშუალო ევროპულ დონეს ნახევარ საუკუნეშიც ვერ დაეწევა.

შესაბამისად, საზოგადოება და ბანკები საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ეფექტით და ამ ზრდის საფუძველზე 50 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა და საზოგადეობის გარკვეულ ნაწილში არსებული ამ მოსაზრების გადაამოწმება სცადა.

პირველ რიგში აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დღეს მსოფლიოში  არსებული საპროგნოზო მეთოდოლოგიის საფუძველზე, მომავალში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი ყოველთვის მიახლოებითია. ვარაუდის შედეგად მიღებული მონაცემები რეალურ მაჩვენებლებს შესაძლოა დაემთხვეს ან აცდეს ყველა მიმართულებით (რა თქმა უნდა, პროგნოზი რაც უფრო კვალიფიციურად არის ჩატარებული, რეალური მონაცემების საპროგნოზოდან გადახრის ალბათობა და ცდომილების ზღვრებიც უფრო მცირეა). თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარაუდი რაც უფრო ხანგრძლივ პერიოდს ეხება, რეალური მონაცემების საპროგნოზოდან გადახრის სულ უფრო მაღალი შანსი არსებობს.

მშპ-ს გრძელვადიან პროგნოზს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აკეთებს, როგორიც არის: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ., თუმცა 50 წლიანი პროგნოზი მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ არის ჩატარებული. ამ კვლევაში მშპ-ის ზრდი ტემპები და მშპ ერთ სულზე (PPP) სხვადასხვა ქვეყნისთვის არის გამოყვანილი, თუმცა კონკრეტულად საქართველოს შესახებ მონაცემები კვლევაში არ არის ასახული. აქედან, ჩვენ საქართველოს და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მშპ 50 წლის შემდეგ დღევანდელი და გასული წლების მონაცემებზე დაყრდნობით ექსელში გამოვითვალეთ.  

ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობის განსაზღვრისთვის  მშპ ერთ სულზე (PPP Method) უფრო ეფექტური მაჩვენებელია (რადგან ამ მეთოდის გამოყენებისას, ყველა ქვეყანაში გამოყენებული დოლარის მსყიდველობითი უნარი ერთი და იგივეა და ფასების დონესა და ვალუტის კურსებს შორის სხვაობა ამ მეთოდის გამოყენებისას გამორიცხულია); თუმცა ვინაიდან ჩვენ საშუალო ევროპული ქვეყნების იდენტიფიცირებაზე ვართ ორიენტირებული და  მსოფლიო ბანკი ქვეყნების ეკონომიკის კლასიფიცირებას სწორედ მეშ-ის (მთლიანი ეროვნული შემოსავალი) ერთ სულ მოსახლეზე (Atlas Method) გაანგარიშებით ახდენს, ამიტომ საშუალო ევროპული ქვეყენების გამოკვეთა ჩვენც სწორედ Atlas-ის და არა PPP მეთოდით მოვახდინეთ. ასევე Atlas მეთოდით მიღებული მონაცემები რეალური მშპ-ს მონაცემებთან, რასაც ჩვენ ქვემოთ გამოთვლებში ვიყენებთ უფრო ახლოს დგას და მკითხველისთვის ამ მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება  უფრო მარტივია. 

გრაფიკი 1: მეშ-ი ერთ სულ მოსახლეზე დოლარებში (Atlas Method), 2013 წლის მონაცემები. 


წყარო: მსოფლიო ბანკი; worldbank.org

გრაფიკი 1-ზე განხილული ქვეყნებიდან ვხედავთ, რომ 2013 წელს საქართველოს მეშ-ი (მთლიანი ეროვნული შემოსავალი)  ერთ სულ მოსახლეზე - 3,570$-ია და ამ მაჩვენებლით ის დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. რაც შეეხება საშუალო ევროპულ ქვეყნებს, მათ მაჩვენებლად შემდეგი ქვეყნები მიმოვიხილეთ: მონტენეგრო, რუმინეთი (ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები), პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ჩეხეთი, რომლებიც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება; თუმცა ამ ჯგუფში, როგორც გრაფიკიდან არის ნათელი, ისინი უკანა პლანზე იმპყოფებიან. შესაბამისად, ეს ქვეყნები ჩვენ, საშუალო ევროპული დონის ქვეყნებად განვიხილეთ.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ვინაიდან ჩვენთვის რეალური და ნომინალური მშპ-ს ზრდებია ცნობილი და ეკონომიკის რეალურ ზრდას სწორედ მშპ-ის მუდმივ ფასებში ცვლილება გვიჩვენებს, ამიტომ კვლევისას ყველა ქვეყნის მშპ მუდმივ ფასებში ჯერ მათ ეროვნულ ვალუტაში მიმოვიხილეთ,  ხოლო შემდეგ კი ამერიკულ აშშ დოლარში და ერთ სულ მოსახლეზე გამოვიანგარიშეთ; სადაც თითქმის მთელი 50 წლის განმავლობაში  (2015-2065 წლებში), მოსახლეობის ოდენობის და გაცვლითი კურსის მუდმივი მაჩვენებლები გამოვიყენეთ.  ზუსტი კალკულაციები კი ქვემოთ, თოთოეული ქვეყნის მშპ-ს დახასიათებისას განვხილოთ.  

ცხრილი 1: საქართველოს რეალური მშპ-ის მაჩვენებლები (დოლარებში)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური-geostat.ge; მსოფლიო ბანკი-worldbank.org.

ტექნიკურად მონაცემები უფრო ნათლად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, ცხრილებში მშპ-ების ყოველი მეორე წლის და არა ყოველი წლის მაჩვენებლებია განხილული. ცხრილში საქართველოს რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე დოლარებშია გაანგარიშებული. თავდაპირველად 2013 წლის რეალური მშპ ავიღეთ, რაც 14,996.7 მლნ ლარი იყო. შემდეგ თოთოეულ წელს მშპ მუდმივი ოდენობით 5%-ით გავზარდეთ, რათა ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ეფექტი დაგვეფიქსირებინა (რადგან ხანგრძლივ პერიოდში ეკონომიკის სწორედ 5%-იანი ზრდის შედეგია ჩვენთვის საინტერესო). რაც შეეხება მშპ-ის ერთ სულზე, გასული 14 წლის განმავლობაში მოსახლეობის ოდენობის პროცენტული ცვლილების საშუალო მაჩვენებელი გამოვიყვანეთ და ეს პროცენტული ცვლილება 2013 წლის მოსახლეობის ოდენობას (4,483.8 ათას კაცს) დავუმატეთ, რის შედეგადაც მოსახლეობის ოდენობა 4,487.8 ათას კაცამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი მთელი დარჩენილი 50 წლის განმავლობაში მუდმივ მონაცემად ავიღეთ. რაც შეეხება ამ მაჩვენებლის დოლარებში გადაყვანის მეთოდოლოგიას, ამ შემთხვევაშიც დოლარი ლარის გაცვლით კურსის, ასევე გასული 14 წლის საშუალო წლიური მაჩვენებლის პროცენტული ცვლილების საშუალო მონაცემი გამოვიყვანეთ და ეს პროცენტული ცვლილება 2013 წლის საშუალო გაცვლით კურსს (1.6634 ლარს) დავუმატეთ, რის შედეგადაც  გაცვლითი კურსი 1.6369 ლარი მივიღეთ. ეს მაჩვენებელიც ასევე მომდევნო 50 წლის განმავლობაში მუდმივ მაჩვენებლად გამოვიყენეთ. თუ 2013 წელს რეალური მშპ ერთ სულზე დოლარებში 2,010.7 ლარი იყო, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 2,143.5 ლარზე დაფიქსირდა. შესაბამისად, 2014 წელს მშპ ერთ სულზე დოლარებში - 2013 წელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა (როცა წლიური პროგნოზი 5%-ია და 9 თვის საშუალო ზრდა 5.9%), ხოლო დანარჩენ წლებში კი 5%-ით (რადგან ყველა წელს გაცვლითი კურსის და მოსახლეობის ოდენობის მუდმივი მაჩვენებელი ავიღეთ). ცხრილიდან ვხედავთ, რომ 2065 წელს, ანუ 50 წლის შემდეგ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 25,809.6 დოლარს წარმოადგენს, რის რეალურ სიდიდესაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებისას დავადგენთ.

ცხრილი 2: რუმინეთისა და მონტენეგროს რეალური მშპ-ის მაჩვენებლები (დოლარებში)

წყარო: მსოფლიო ბანკი; worldbank.org

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ რუმინეთი და მონტენეგრო  ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ორივე ქვეყნის შემთხვევაში თავდაპირველად მშპ-ები მათ ეროვნულ ვალუტაში და მუდმივ ფასებში ავიღეთ. რაც შეეხება რეალური მშპ-ის  ზრდის მონაცემებად, გასული 14 წლის საშუალო ზრდები ავიღეთ (რუმინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი - 3.8%-ზე, ხოლო მონტენეგროს შემთხვევაში კი - 3.2%-ზე დაფიქსირდა). მოსახლეობის ოდენობა და გაცვლითი კურსის მაჩვენებლები საქართველოს შემთხვევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის საფუძველზე გამოვიყვანეთ და გასული 14 წლის პროცენტული ცვლილების საშუალო მაჩვენებელი  2013 წლის მაჩვენებლებს დავუმატეთ. რის შედეგადაც რუმინეთის მშპ ერთ სულზე დოლარებში 2014 წელს 1,993.7-ზე დაფიქსირდა, რაც  წინა 2013 წლის მონაცემ 1,979.4-ზე 0,72%-ით მეტია. მომდევნო წლებში კი მშპ-ს რეალური ზრდა ერთ სულ მოსახლეზე დოლარებში მუდმივი - 3.8% იყო (რადგან ყველა წელს გაცვლითი კურსის და მოსახლეობის ოდენობის მუდმივი მაჩვენებელი ავიღეთ). ამ გამოთვლის შედეგად 2065 წლისთვის რუმინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13,946.7 დოლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება მონტენეგროს მისი რეალური მშპ ერთ სულზე დოლარებში 2014 წლისთვის 3,579.0-მდე (წინა წელთან შედარებით-5.74%-ით), ხოლო ყოველ მომდევნო წელს კი მუდმივად 3.2%-ით გაიზარდა. ამ გამოთვლების საფუძველზე 2065 წლისთვის მონტენეგროს რეალური მშპ ერთ სულზე 17,659,3 დოლარზე ფიქსირდება.

ცხრილი 3: ლატვიისა და ლიტვის რეალური მშპ-ის მაჩვენებლები (დოლარებში)

წყარო: მსოფლიო ბანკი; worldbank.org

ლატვიისა და ლიტვის რეალური მშპ-ების გამოთვლისას, კვლავ იგივე მეთოდოლოგია გამოვიყენეთ, რაც წინა ქვეყნების შემთხვევაში. ლატვიის მშპ-ის ზრდა, გასული 14 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მონაცემზე დაყრდნობით 4.2% - ზე დაფიქსირდა, ხოლო ლიტვის - 4.6%-ზე.  2014 წელს ლატვიის მშპ ერთ სულზე დოლარებში წინა, 2013 წელთან შედარებით 6,49% - ით გაიზარდა, ხოლო ლიტვის - 9.2%-ით. შემდეგ წლებში კი  მშპ ერთ სულზე მუდმივი მაჩვენებლით გაიზარდა, (კვლავ გაცვლითი კურსის და მოსახლეობის ოდენობის მუდმივი მონაცემების გამოყენების გამო). რაც შეეხება 2065 წელს ლატვიის მშპ ერთ სულზე 64,937.8 დოლარზე, ხოლო ლიტვის კი 109,334.2 დოლარზე დაფიქსირდა.

ცხრილი 4: ჩეხეთისა და პოლონეთის რეალური მშპ-ს მაჩვენებლები (დოლარებში)

წყარო: მსოფლიო ბანკი; worldbank.org

ჩეხეთისა და პოლონეთის მშპ-ების გამოთვლის მეთოდოლოგია კვლავ ზემოთ განხილული ქვეყნების მსგავსია. ჩეხეთის მშპ ერთ სულზე 2014 წელს წინა წელთან შედარებით 7.8%-ით, ხოლო პოლონეთის კი 5.58% გაიზარდა. დანარჩენ წლებში კვლავ მშპ-ს მუდმივი ზრდები გამოვიყენეთ, სადაც გასული 14 წლის რეალური მშპ-ის საშუალო ზრდის მონაცემზე დაყრდნობით ჩეხეთის ეკონომიკური ზრდა 2.6%-ზე, ხოლო პოლონეთის კი 3.6%-ზე დაფიქსირდა. 2065 წლისთვის ჩეხეთის მშპ ერთ სულზე 69,853.6 დოლარამდე, ხოლო პოლონეთის კი 71,694.4 დოლარამდე გაიზარდა.   

2065 წლისთვის მშპ-ების ერთმანეთთან უფრო ნათელი შედარებისთვის, 2014 და 2065 წლების  ჩვენს მიერ გამოთვლილი საპროგნოზო მაჩვენებლები გრაფიკულად გამოვსახოთ.

გრაფიკი 2: რეალური მშპ ერთ სულზე, დოლარებში; 2014 და 2065 საპროგნოზო მაჩვენებლები.

წყარო: მსოფლიო ბანკი; worldbank.org

გრაფიკიდან ვხედავთ, რომ 2065 წლისთვის რეალური მშპ ერთ სულზე, დოლარებში ყველაზე მაღალი  ოდენობა ლიტვას აქვს, მეორე ადგილზე პოლონეთი დგას, მესამეზე -ჩეხეთი, მეოთხეზე - ლატვია, მეხუთეზე - საქართველო, მეექვსეზე - მონტენეგრო, ხოლო ბოლოზე კი რუმინეთი. საიდანაც ნათელია, რომ 2065 წლისთვის საქართველო ამ მაჩვენებლით რუმინეთს და მონტენეგროს გაუსწრებს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ 2013 წლის მონაცემებით, ამ ინდიკატორის მიხედვით საქართველო რუმინეთს უკვე უსწრებს (მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ების Atlas Method-ით გამოთვლისას რუმინეთი საქართველოზე წინაა), რაც სავარაუდოდ ამ ინდიკატორის გამოთვლისას განსხვავებული საბაზისო წლის სხვადასხვა ფასების დონის გამოყენებაში მდგომარეობს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თოთოეული ქვეყნის რეალური მშპ-ის გამოთვლისას აღებული კონკრეტული საბაზისო წლები, მომავალი 50 წლის განმავლობაში არაერთხელ შეიცვლება. 2065 წლის მონაცემების გარდა, ასევე საინტერესოა ის წელი გამოვკვეთოთ, როდესაც საქართველოს მშპ-მა ზემოთ დასახელებული ორი ქვეყნის მონაცემებს გაუსწრო.  ვინაიდან რუმინეთის რეალური მშპ ერთ სულზე დოლარებში 2013 წლისთვის საქართველოზე უკვე ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მონტენეგროს  და საქართველოს მაჩვენებლები დინამიკაში  ერთმანეთს შევადაროთ. ცხრილი 1 და 2 ზე არსებული მონაცემებიდან ნათელია, რომ  საქართველოს  მაჩვენებელი მონტენეგროს მონაცემს 2044 წელს დაეწევა, როცა საქართველოს მშპ - 9,264.2 დოლარზე, ხოლო მონტენეგროსი კი 9,152.4 დოლარზე ფიქსირდება. ამ მაჩვენებლებიდან კი ნათელია, რომ საქართველოს რეალურმა  მშპ-მ ერთ სულზე დოლარებში,  ჩვენს მიერ განხილული საშუალო ევროპული დონის ქვეყნებიდან მხოლოდ ერთს მონტენეგროს 30 წელში გაუსწრო.

დასკვნა

ჩვენ კვლევაში წარმოსახვითი ეკონომიკა გავაანალიზეთ და მრავალ თეორიულ ვარიანტთაგან, რაც რეალურად შეიძლება მოხდეს, მხოლოდ ერთი შემთხვევა განვიხილეთ. აუცილებელია შენიშვნის სახით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ მიღებული მონაცემები საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიც არის: მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციების მიერ მიღებულ მონაცემებთან შედარებით უფრო უხეში გამოთვლების საფუძველზე არის მიღებული (ჩვენი მოდელის უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებლის განსაზღვრისას არ გამოვიყენეთ სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორები როგორიცაა: ნომინალური ფულის ოდენობა ეკონომიკაში, ექსპორტი, იმპორტი, ტრანსფერების მონაცემები და სხვა ეკონომიკური ინდიკატორები; ასევე გამოთვლები  ექსელში და არა ისეთ პროგრამაში ვაწარმოეთ, როგორიცაა Stata ან CGE მოდელი) შესაბამისად, ეს მაჩვენებელები, ამ ორგანიზაციების მაჩვენებლებთან შედარებით, რეალობასთან უფრო ნაკლებად მიახლოებითია (სადაც მათი მონაცემებიც მხოლოდ საპროგნოზო მაჩვენებლებს წარმოადგენს); თუმცა ჩვენი კვლევა და მასში ასახული მონაცემები (გასული წლების არც იმდენად მცირე მონაცემების გამოყენების და ჩვენს მიერ არჩეული მეთოდოლოგიის გამო)  კარგი ორიენტირის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

რაც შეეხება იმას თუ რეალურად რა ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება იყოს  50 წლის შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამის პროგნოზი ზუსტად არავის შეუძლია. 50 წელი ძალიან დიდი პერიოდია და ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ახალ ტექნოლოგიებზე, ახალი ფინანსური ინსტიტუტების განვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ა.შ  დამოკიდებული, რისი ზუსტი განსაზღვრაც შეუძლებელია.  

როგორც ჩვენს კვლევაში არსებული ანალიზიდან არის ნათელი, საქართველო რეალური მშპ-ს ერთ სულზე გაანგარიშებით, დოლარებში 30 და არა 50 წელში მხოლოდ ერთ ქვეყანას - მონტენეგროს დაეწევა, ისიც იმიტომ, რომ მონტენეგროს ეს მაჩვენებელი დღესდღეობით მხოლოდ მცირედით აღემატება საქართველოს. ამ კვლევიდან ჩანს, პათოსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა (დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე) მართლაც არასაკმარისია (თუ ზრდის ესეთი ტემპი - მცირედი ვარიაციებით, მომავალი 30 ან თუნდაც 40 წელი შენარჩუნდება, მაშინ როცა სხვა ქვეყნების განვითარება ნორმალური ტემპით წავა) იმისთვის, რომ საშუალო ევროპული დონის ქვეყნებს 30 წელზე ნაკლებ დროში დავეწიოთ. რეალურად ამ ეტაპზე საქართველოსთვის, ეკონომიკის უფრო მაღალი ტემპით (მაგ. 10%-15%) ზრდა არის საჭირო, ხოლო შემდეგ, როგორც ეს თითქმის ყველა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანას ახასიათებს, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება და მისი თუნდაც 3%-მდე შემცირება ისეთი პრობლემატური საკითხი აღარ იქნება. ამისთვის კი აუცილებელია  სახელმწიფოს მიერ ქვეყნის პოტენციალის და რესურსების მაქსიმალური იდენტიფიცირება და მათი განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფინანსების ინვესტირება; საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის სისტემის სრულყოფა; პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტიციების (როგორც FDI-ს, ასევე რეზიდენტების მიერ განხორციელებული ინვესტიციების) მოსაზიდად და წარმატებით განხორციელებისთვის  ხელსაყრელი გარემო-პირობების შექმნა; მთელი საქართველოს მასშტაბით, სამუშაო ძალის უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ადამიანური რესურსების მაქსიმალური გამოყენება და შრომის ბაზარზე დაქირავებულთათვის ხელფასის საშუალო დონის ამაღლება (განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში).

აქედან, ჩვენს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად ვასკვნით, რომ ექსპერტთა და დეპუტატთა გარკვეული ნაწილის მოსაზრება, საქართველოს სამომავლო ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით: „ეკონომიკის 5%-იანი ზრდით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს   ნახევარ საუკუნეშიც ვერ დაეწევა,’’ არის მეტწილად სიმართლე. 

მეტწილად სიმართლე - განცხადება სწორია, მაგრამ დაზუსტებას ან დამატებით ინფორმაციას საჭიროებს.