15-მა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ფინანსური განათლებისთვის დააფუძნა. ახლადშექმნილი კოალიციის ოფიციალური პრეზენტაცია „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა.
ღონისძიებას კოალიციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ, ასევე კოალიციის მმართველი კომიტეტის წევრებმა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდმა უმასპინძლეს.
კოალიცია ფინანსური განათლებისთვის არის კერძო სექტორის ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება.
კოალიცია კერძო აქტორების მობილიზებას აპირებს, რათა დაეხმაროს მის წევრებს სათანადო კოორდინაციითა და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორთან თანამშრომლობას. ახლადშექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი მიზანი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, მარეგულირებლები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.