სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის თუ სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.
სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანია. შესაბამისად, სხვა სესხებთან შედარებით ყველაზე ძვირია. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობაზე და თქვენს შემოსავალზე.
სამომხმარებლო სესხი გაიცემა მომხმარებლის მუდმივი შემოსავლის მიხედვით. სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ყველა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხის მოცულობის და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. სესხის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თქვენი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით. შეიძლება, ბანკმა სესხის უზრუნველყოფისთვის თავდები პირიც მოითხოვოს. რაც შეეხება სესხის ვადას, ის 1-დან 120 თვემდე მერყეობს. სამომხმარებლო სესხი შესაძლებელია ავიღოთ, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. ბოლო პერიოდში კომერციული ბანკები სამომხმარებლო სესხის გაცემისას მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთხოვენ.
სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ:
- წინასწარ გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები
- გადასახდელია დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ 2%-ს)
- იხდით განაღდების საკომისიოს (სახელფასო პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურია)
- გასათვალისწინებელია როგორც ნომინალური, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- სესხის წინსწრების საკომისიო მაქსიმუმ 2%-ს შეადგენს
- უმჯობესია, სესხის ვადაგადაცილების პროცედურას წინასწარ გავეცნოთ
რაც შეეხება, წლიურ საპროცენტო განაკვეთს კომერციული ბანკები სხვადასხვა პირობებს გვთავაზობენ და ის საშუალოდ 10%-იდან იწყება. ზემოთ აღნიშნული დამატებითი დანახარჯები აძვირებს სესხის მომსახურებას და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10%-ზე მეტი გამოდის.