საზოგადოება და ბანკებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა განათლების შესახებ, სადაც ვრცლად მიმოიხილა არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, აგრეთვე განათლების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
დღეისათვის საქართველოში არსებული განათლების სისტემა და მოსახლეობის განათლების დონე ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. განათლება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ზრდის შრომის პროდუქტიულობას და სწორედ მისი საშუალებით გარდაიქმნება ნედლეული საქონლად. იგი ასევე მნიშვნელოვანია, არსებული ტექნოლოგიის სწრაფად ათვისებისა და სწორად გამოყენებისათვის. განათლებას ახასიათებს გადადინების ეფექტი და ერთი კონკრეტული ადამიანის მაღალი განათლების დონით, სარგებელს იღებს არამხოლოდ ის კონკრეტული ადამიანი, არამედ მთლიანად საზოგადოება. მეტი განათლებული ადამიანი ქვეყანაში, ნიშნავს გამოშვების მაღალ დონეს, ნაკლებ დანაშაულს, უკეთეს ჯანმრთელობას, მეტ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჩართულობას.
მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიო მშპ-ის 65% მომსახურებაზე მოდის. შესაბამისად, მთელს მსოფლიოში იზრდება ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა. კვლევების თანახმად, მას შემდეგ რაც ქვეყანის მშპ მიაღწევს 5,000-10,000$-ს ერთ სულ მოსახლეზე, ეკონომიკური ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მომსახურების და მაღალ-ტექნოლოგიური სექტორების პროდუქტიულობა ხდება. ეს შედეგი კი კარგი განათლების მქონე თაობის არსებობით მიიღწევა.
კვლევებმა აჩვენა, რომ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია 4-ჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვა დანარჩენ სექტორებში. თუ შევხედავთ საერთაშორისო რეიტინგებს, რომელიც მოსწავლეთა უნარებს აფასებს, დავინახავთ, რომ კორელაცია აღნიშნული რეიტინგების შედეგებსა და ქვეყნის მშპ-ს შორის საკმაოდ მაღალია.
სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა განათლების დონე საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს, როგორც დაწყებითი განათლების საფეხურზე, ასევე საშუალო განათლების საფეხურზე. ერთ-ერთი უახლესი კვლევა, რომელიც 15 წლის მოსწავლეთა ცოდნის დონეს აფასებს, (Programme for International Student Assessment (PISA)) 3 მოდულს ეყრდნობა: კითხვა (წაკითხულის გააზრება და სწორად ინტერპრეტირება), მათემატიკა და მეცნიერება. სამივე მოდულში ქართველი მოსწავლეების შედეგები, OECD-ის საშუალო მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საჯარო სკოლებში არსებულ განათლებას, რადგან, თუ მოსწავლე ვერ შეძლებს საჯარო სკოლაში განათლების იმ დონის მიღებას, რომ შეძლოს წაკითხულის გააზრება და ინტერპრეტირება, მას გაუჭირდება უმაღლესი განათლების მიღება.
გლობალიზაციის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ახალგაზრდებს შეეძლოთ კონკურენციის გაწევა მათი თანატოლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
მნიშვნელოვანია მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო რეფორმების კვლევა და რელევანტური პრაქტიკის გაზიარება.
გამომდინარე იქედან, რომ მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას 2022 წლისთვის განათლების სფეროს დაფინანსება, მშპ-ის 6%-მდე გაზარდოს (2017 წლის მდგომარეობით, განათლებაზე იხარჯება მშპ-ს 3.8%), სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ამ თანხის სწორად განკარგვა.
კვლევის სრულ შინაარსს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ფაილში!