სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის თუ სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.
სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანია. შესაბამისად, სხვა სესხებთან შედარებით ყველაზე ძვირია. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობაზე და თქვენს შემოსავალზე.
სამომხმარებლო სესხი გაიცემა მომხმარებლის მუდმივი შემოსავლის მიხედვით. სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ყველა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხის მოცულობის და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. სესხის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თქვენი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით. შეიძლება, ბანკმა სესხის უზრუნველყოფისთვის თავდები პირიც მოითხოვოს. რაც შეეხება სესხის ვადას, ის 1-დან 120 თვემდე მერყეობს. სამომხმარებლო სესხი შესაძლებელია ავიღოთ, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. ბოლო პერიოდში კომერციული ბანკები სამომხმარებლო სესხის გაცემისას მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთხოვენ.
სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ:
- წინასწარ გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები
- გადასახდელია დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ 2%-ს)
- იხდით განაღდების საკომისიოს (სახელფასო პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურია)
- გასათვალისწინებელია როგორც ნომინალური, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- სესხის წინსწრების საკომისიო მაქსიმუმ 2%-ს შეადგენს
- უმჯობესია, სესხის ვადაგადაცილების პროცედურას წინასწარ გავეცნოთ
რაც შეეხება, წლიურ საპროცენტო განაკვეთს კომერციული ბანკები სხვადასხვა პირობებს გვთავაზობენ და ის საშუალოდ 10%-იდან იწყება. ზემოთ აღნიშნული დამატებითი დანახარჯები აძვირებს სესხის მომსახურებას და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10%-ზე მეტი გამოდის.
იპოთეკური სესხი
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი.
სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8%-იდან იწყება, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 180 თვე ანუ 15 წელია.
იპოთეკური სესხის სარგებლობისას უნდა გავითვალისწინოთ ის დამატებითი დანახარჯები, რომელიც თან ახლავს:
- სესხის გაცემის საკომისიო
- საპროცენტო განაკვეთი
- საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯი
- სესხის წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლო მაქს. 2%
- უძრავი ქონების და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება
იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენ მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.
სესხის დაფარვის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: კრედიტის მოცულობა, მსესხებლის შემოსავალი და მისი სტაბილურობა და სხვა. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
ავტოსესხი
თუ გვსურს ახალი, ან მეორადი ავტომობილის შეძენა და გვაქვს შესაბამისი შემოსავალი, შეგვიძლია ვისარგებლოთ კონკრეტული მიზნობრივი სესხით. ავტოსესხი გაიცემა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში. იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ პროდუქტით სარგებლობა საჭიროა მისი შემოსავალი მინიმუმ 300 ლარს შეადგენდეს. ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში კი მინიმალური შემოსავლის რაოდენობა 300 ლარს უნდა აღემატებოდეს.ზოგადად, კრედიტის უზრუნველყოფას შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება. სესხის ვადა თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუმცა, მაქსიმალური ვადა, რასაც ბანკები გვთავაზობენ 120 თვეა. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სესხის შემთხვევაში, ავტოსესხსაც თან ახლავს დამატებით დანახარჯები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:
- სესხის დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ სესხის თანხის 1.00%)
- მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა
- ავტომობილის დაზღვევა (ავტომობილი სავალდებულო წესით იზღვევა, ხოლო დაზღვევის თანხა ავტომობილის ღირებულებიდან და შეძენილი პაკეტიდან გამომდინარეობს)
- თანამონაწილეობა
ავტოსესხით სარგებლობისთვის ასევე შესაძლებელია ავტომობილის ნაცვლად უზრუნველყოფაში წარმოვადგინოთ უძრავი ქონებაც.
სანამ ამ პროდუქტით ვისარგებლებთ, უნდა გავითვალისწინოთ იმ მანქანის წლოვანება, რომლის შეძენასაც ვაპირებთ. აქაც ბანკების მიერ შემოთავაზებული პირობები სხვადასხვაა. პირობითად, თუ ჩვენს მიერ შერჩეული მანქანის გამოშვების წელი არის 1998 წელი, შესაძლოა ზოგიერთმა ბანკმა არ დაგვიმტკიცოს აღნიშნული სესხი.
ბანკები სხვადასხვა ავტოდილერთან თანამშრომლობენ, შესაბამისად, თუ მომხმარებელი კონკრეტული ბანკის პარტნიორ კომპანიას მიმართავს შესაძლებელია ისარგებლოს შეღავათიანი პირობებით.
განვადება
განვადება არის სამომხმარებლო ტიპის სესხი, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, განვადებას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის შეძენა და სხვა. როგორც წესი, განვადების გაფორმება შესაძლებელია მომენტალურად, უშუალოდ მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში.
საბანკო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ე.წ. უპროცენტო განვადებაა და ამ მიმართულებით ბანკები მრავალფეროვან სარეკლამო კამპანიებსაც ახორციელებენ. რეკლამაში გადმოცემული ტექსტი კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მეტწილად არასწორად აღიქმება ხოლმე. მომხმარებლების გარკვეული ნაწილის აზრით უპროცენტო განვადების შემთხვევაში, ისინი შეძენილ პროდუქციაში მხოლოდ სავაჭრო ქსელის საწყის ფასს იხდიან (რადგან საპროცენტო განაკვეთი ნულია).
უპროცენტო განვადებისას მართალია საპროცენტო განაკვეთი ნულია, თუმცა პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ასევე, ფასნამატის გადახდა უწევს. ეს ხარჯები კი პროდუქციის საწყის სავაჭრო ფასს გარკვეული ოდენობით აძვირებს. უპროცენტო განვადების სესხის ვადა მეტწილად ყველა ბანკის შემთხვევაში 3-36 თვის და სესხის მოცულობა კი 100-5000 ლარის ფარგლებშია.
იმისთვის, რომ დავადგინოთ, უპროცენტო განვადებისას პროდუქციის შეძენაში რეალურად რა ოდენობის თანხას ვიხდით ამისთვის განვიხილოთ მაგალითი. თუ გვსურს ტელევიზორის შეძენა, რომლის ფასიც არის 1000 ლარი, განვადების შემთხვევაში ღირებულებას ემატება დაახლოებით 5%. გამოდის, რომ განვადებით სარგებლობით შემთხვევაში ტელევიზორის ღირებულება 1000 ლარის ნაცვლად, არის დაახლოებით 1050 ლარი. ამასთან, გასათვალისწინებელია სესხის დამტკიცების/გაცემის საკომისიო, რომელიც საშუალოდ 3%-ია. აქედან გამომდინარე მომხმარებელს 1000 ლარიანი ტელევიზორი, განვადების შემთხვევაში სულ 1080 ლარი უჯდება. თუმცა, ბანკები სხვადასხვა აქციების ფარგლებში მომხმარებლებს 0%-იან განვადებასთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილ დამატებით ხარჯებს უმცირებენ.
ოვერდრაფტი
ოვერდრაფტი წარმოადგენს მოკლევადიან სესხს, რომელიც დაიშვება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე. მას ე.წ. მეცამეტე ხელფასსაც ეძახიან. ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ხელფასი ბანკში ერიცხებათ. როგორც წესი, ოვერდრაფტის მოცულობა ხელფასის (მაქს. 100%) და საკრედიტო ისტორიის შესაბამისად განისაზღვრება.
ოვერდრაფტი შესაძლებლობას გვაძლევს დავხარჯოთ ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი, ხოლო დავალიანება მოგვიანებით დავფაროთ. ამ მომსახურებისთვის გახარჯული თანხის გარკვეულ პროცენტს ბანკს ყოველთვიურად ვუხდით, ხოლო ძირი თანხა შეგვიძლია მაქსიმუმ ვადის ბოლომდე დავფაროთ. ოვერდრაფტის ვადა არის ერთი წელი.
ოვერდრაფტი ძალიან ჰგავს საკრედიტო ბარათს, თუმცა განსხვავდება იმით, რომ ჩვეულებრივ, მიბმულია ხელფასზე. ეს არ არის მიზნობრივი ან უზრუნველყოფილი სესხი და მისი აღება, სხვა საკრედიტო პროდუქტებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებ პროცედურებს მოითხოვს. თვის განმავლობაში გახარჯული თანხის პროცენტი დღეების სიზუსტით ანგარიშდება. კომერციული ბანკები ამ მიმართულებითაც განსხვავებულ პროცენტებს გვთავაზობენ, რომელიც საშუალოდ 18-22%-ს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხორციელდება, რეალურად დახარჯულ თანხაზე. ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება იფარება ავტომატურად, საბარათე ანგარიშზე, ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას. სესხის მოქმედების ვადაში შეგვიძლია რამდენჯერმე ჩავფაროთ და განვაახლოთ ოვერდრაფტი. ამ საკრედიტო პროდუქტის პირობები ინდივიდუალურია მომხმარებლის შემოსავლის გათვალისწინებით. ხშირად, საპროცენტო განაკვეთი ორგანიზაციის სახელფასო პროგრამის პირობებშია გათვალისწინებული. ოვერდრაფტის აღება შესაძლებელია იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი.
საკრედიტო ბარათი
საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტში საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, ასევე ინტერნეტით, და/ან ბანკომატის მეშვებით გაანაღდოს თანხა.
საკრედიტო ლიმიტი, ანუ სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინდივიდუალურია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით განისაზღვრება.
შესაძლოა საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით, ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი. უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი. გასათვალისწინებელია, რომ ბარათის განაღდების საკომისიო, საკმაოდ მაღალია, ამიტომ მკაცრად რეკომენდირებულია, რომ თანხის ათვისება მოხდეს სავაჭრო ობიექტებში ე.წ. პოსტერმინალის მეშვეობით.
საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარული პროდუქტია. საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის „შოპინგი“. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკრედიტო ბარათები ერთი-ერთი ყველაზე პრობლემური პროდუქტია საქართველოში.
მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გაითვლისწინონ, რომ საშუალოდ განაღდების საკომისიო 3-4%-მდე მერყეობს (თუმცა არის გამონაკლისიც), საშეღავათო პერიოდი დაახლოებით 55 დღეა, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-დან 36%-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი საკრედიტო ბარათს „შოპინგისთვის“ გამოიყენებს წლიური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ თანხის განაღდების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა ბანკის ბარათს აქვს გარკვეული შეღავათები და ქულების დაგროვების სისტემები, რაც ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას.