საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 38244 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნული ბანკის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7.25%-ზე და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1838 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1510-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1750  მილიონიდან 1838 მილიონ ლარამდე.

38244 ხელშეკრულებიდან 15589 უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია, მოცულობა კი 656 მილიონი ლარი. ლარში გაცემული იპოთეკური ტიპის  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 11.5% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა სამომხმარებლო ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 15498 სესხია მიბმული, საშუალოდ 15%-ში. მთლიანი პორტფელი კი 233 მილიონი ლარია.

4818 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 900 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 250 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.4%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 650 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,9%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 300 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 6 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.3%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2039 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 43 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 იანვრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 20%-ია. მათ შორის, მოცულობით ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1 მლრდ ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12%-ია და არ შეცვლილა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მოსალოდნელი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნების ან შემცირების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების პირობებში ინფლაციის შემდგომი ზრდა არ არის მოსალოდნელი. ვინაიდან ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების დიდი წილი ბიზნესესხებზე და იპოთეკურ მსესხებლებზე მოდის, საპროცენტო განაკვეთების შემცირება/შენარჩუნება მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ზრდის ასევე ლარიზაციის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, მომდევნო პერიოდებში შემცირდება ლარში საპროცენტო განაკვეთები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება.