მცდარი

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია მოსაზრება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკს 2 წლით ადრე 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი წინასწარ დაუბრუნა, როცა ვალდებულების დაფარვის ბოლო ვადა 2017 წელი იყო.  შესაბამისად, ამის საფუძველზე ხდება ეროვნული ბანკის გულგრილობაში და მის ეკონომიკურ პროცესებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაში დადანაშაულება.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე საზოგადოება და ბანკები ამ საკითხით დაინტერესდა და საზოგადოებაში გავრცელებული ამ მოსაზრების სიზუსტე გადაამოწმა.

პირველ რიგში აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ვალი არასდროს ჰქონია, მას აქვს მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ვალი (სესხის და განაწილებული ნსუ-ს (ნასესხობის სპეციალური უფლება)  (SDR) სახით). წლების წინ, დაახლოებით 2008 წლამდე ეროვნული ბანკის გარანტიით  რამდენიმე მცირე მოცულობის სესხი იყო აღებული; მაგრამ იმის გამო, რომ სესხის მიმღებმა კომპანიებმა  ვალის გადახდა ვერ უზრუნველყვეს, ვალის მომსახურება  ეროვნულ ბანკს დაეკისრა. თუმცა შემდგომ  აღნიშნული რამდენიმე სესხის ჯერ რესტრუქტურიზაცია, ხოლო შემდეგ კი მისი ფინანსთა სამინისტროს მიერ გადაბარება მოხდა. ფაქტი, რომ ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ვალი არასდროს ჰქონია, უკვე დიდ ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ გამოთქმული მოსაზრების სიზუსტეს.

ცხრილი 1: ეროვნული ბანკის მთლიანი საგარეო ვალის მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის უფრო ნათელი ანალიზისთვის ცხრილში მისი მაჩვენებლები ორი განსხვავებული სტრუქტურის სახით არის წარმოდგენილი. ერთი საგარეო ვალს მისი სახეების (სესხები, ნაღდი ფული და დეპოზიტები, სხვა ვალდებულებები), ხოლო მეორე კი ხანგრძლივობის (მოკლევადიანი და გრძელვადიანი) მიხედვით განიხილავს.

ეროვნული ბანკის მთლიანი საგარეო ვალი შედგება სესხებისგან - კრედიტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდია, ნაღდი ფული და დეპოზიტებისგან - კრედიტორები არარეზიდენტი კომერციული ბანკები და საერთაშორისო ორგანიზაციებია და განაწილებული ნსუ (SDR) - კრედიტორი კვლავ საერთაშორისო სავალუტო ფონდია. ნსუ (ნასესხობის სპეციალური უფლება) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად ნაწილდება. ამ ვალდებულებას არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აღსანიშნავია ისიც, რომ ნსუ-ს მოცულობა, ასევე ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ-ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. აქედან ნათელია, რომ ნსუ ეროვნული ბანკის ვალს რეალურად არ წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ნაღდი ფული და დეპოზიტები ვალდებულებაა და არა სესხი, რისი გამიჯვნაც ამ შემთხვევაში აუცილებელია.

იმისთვის, რომ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების სიზუსტე გადავამოწმოთ ამისთვის აქცენტი ცხრილში გრძელვადიან სესხებზე (ან ფონდის კრედიტების გამოყენება და სესხები ფონდიდან) უნდა გავაკეთოთ, რადგან მოსაზრების თანახმად ეროვნულმა 400 მლნ დოლარის ოდენობის სწორედ გრძელვადიანი ვალი დაფარა 2 წლით ადრე, რისი დაფარვის ბოლო ვადაც რეალურად 2017 წელს იყო. ამ მოსაზრების თანახმად ეროვნულ ბანკს 400 მლნ აშშ დოლარი ან 2014 წელს, ან 2015 წელს, ან 2014 და 2015 წლებში ერთად უნდა გადაეხადა.

მონაცემებიდან ნათელია, რომ 2012 წელს 233 მლნ აშშ დოლარის, 2013 წელ 244 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2014 წელს კი 73.1 მლნ აშშ დოლარის სესხის გადახდა მოხდა. 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა  საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხები გადაიხადა. დაიფარა 2009 წლის კრიზისის შემდეგ აღებული ე.წ  Stand-By-Arrangement (SBA), რითიც დამთავრდა SBA-ის გადახდა, და მოხდა PRGF-ის მომსახურება, რომელიც გრაფიკის მიხედვით 2017 წლამდე კვლავ გრძელდება. PRGF (Poverty Reduction Growth Facility) „სიღარიბის დაძლევის’’ მიზნით 2000 წლამდე აღებული სესხია, რომლის ნაშთი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 43 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ სესხის ფაქტობრივი გადახდის გრაფიკის თანახმად 2015 წელს ეროვნული ბანკის მიერ 8 მლნ, 2014 წელს - 18 მლნ, 2013 წელს - 20 მლნ და 2012 წელს  კვლავ 20 მლნ აშშ დოლარი  SDR-ში იქნა გადახდილი. შესაბამისად, აქედანაც გამოირიცხება 2014 და 2015 წლებში წინასწარ 400 მლნ აშშ დოლარის გადახდის შესაძლებლობა.

რაც შეეხება 2015 წელს ეროვნული ბანკის მიერ უკვე განხორცილებულ სესხის მთლიან გადახდებს, ამის შესახებ მონაცემები საჯაროდ ჯერ არ მოიპოვება; თუმცა ფაქტი, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის სესხის ნაშთი 43 მლნ აშშ დოლარია, ეს 2015 წლის იანვარ-აპრილში და 2014 და 2015 წელში ერთადაც 400 მლნ აშშ დოლარის გადახდის შესაძლებლობას უკვე გამორიცხავს. თუ ეროვნულმა ბანკმა 2014 წელს 73 მლნ აშშ დოლარის სესხი გადაიხადა და წლის ბოლოსთვის დარჩენილი სესხის ოდენობა მხოლოდ 43 მლნ აშშ დოლარია, ბუნებრივია 357 მლნ აშშ დოლარს (400-43=357), ან თუნდაც  284 მლნ აშშ დოლარს (400-73-43=284) ზედმეტად არავის გადაუხდიდა.

 

დასკვნა

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია მოსაზრება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკს 2 წლით ადრე 400 მლნ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი წინასწარ დაუბრუნა.

ჩვენი მოკვლევიდან ნათელია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ვალი არასდროს ჰქონია. რაც უკვე დიდ ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული მოსაზრების სისწორეს. 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა 73.1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი გადაიხადა, რაც 2014 წელს 400 მლნ აშშ დოლარის გადახდას გამორიცხავს. 2014 წლის ბოლოსთვის სესხის ნაშთი 43 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან ასევე ნათელია, რომ არც 400 მლნ აშშ დოლარის და არც 327 მლნ აშშ დოლარის გადახდა  2015 წლის იანვარ-აპრილში არ მოხდებოდა.  მაშინ როცა ვალის ნაშთი წლის ბოლოსთვის მხოლოდ 43 მლნ აშშ დოლარია, ბუნებრივია 357 მლნ აშშ დოლარს, ან თუნდაც  284 მლნ აშშ დოლარს ეროვნული ბანკი ზედმეტად არავის გადაუხდიდა.  

აქედან ვასკვნით, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული აზრი „ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკს წინასწარ, 2 წლით ადრე - 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი დაუბრუნა’’ არის მცდარი.

მცდარი - განცხადება არაზუსტია